კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა

ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორიალური დაფის დიზაინის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოქანდაკე-რესტავრატორი, დავით (დევი) ხმალაძე, ხოლო ინიციატივა ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს, თინათინ სვანიძე-ვენკოს ეკუთვნის.
„მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და ქართული დიასპორის წარმოიდგინებიან. დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს და მემორიალური მონუმენტი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ასევე კუნძულ ტექსელის მერმა, მიხილ აუთდენჰაგმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა, თინათინ სვანიძე-ვენკომ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ქართველ-ებრაელთა მსოფლიო რაბინი, იაკობ გალუგაშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა, მემორიალური დაფის გახსნა არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო და დიასპორა იმისთვის, რომ ქართული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს დაფასებული ყველა ქვეყანაში.
„დღეს ჰოლანდიურ მხარესთან ერთად შევიკრიბეთ, რათა სათანადოდ აღგვენიშნა 1945 წლის მოვლენები, კუნძულ ტექსელზე ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელსაც 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ისევე, როგორც ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენ თანამემამულეებს. ეს იყო ბოლო დღეები ომის დასრულების. სწორედ ეს მოვლენა აღინიშნა დღეს განსაკუთრებულად. აღიმართა მემორიალი მათ უკვდავსაყოფად. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ტექსელის მერიას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სათუთად უფრთხილდება ქართულ კვალს. ეს გახლავთ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო და დიასპორა იმისთვის, რომ ქართული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს დაფასებული ყველა ქვეყანაში“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

























