ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართა

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე აღნიშნეს. შშმ პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შშმ პირთათვის კვლავ რჩება პრობლემად არასრულყოფილი სერვისები, განათლების ხელმისაწვდომობა, მათი დასაქმება და არაადაპტირებული გარემო.
ამასთან, ევროპის მოედანზე შეკრებილებმა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მოაწყვეს. შეკრებილებმა სიმბოლურად ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოფინეს.
მსვლელობის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

























