„ჯეო ჰოსპიტალსისა“ და USAID-ის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა

„ჯეო ჰოსპიტალსისა“ და USAID-ის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა

კლინიკების ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“, USAID-ის პროგრამის - ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის’’ - მხარდაჭერით, საქართველოში პირველად საექთნო დიპლომის შემდგომი განათლებისა და სპეციალიზაციის პროგრამების განხორციელებას იწყებს.

ექთნები შეძლებენ შეიძინონ 3 ახალი საექთნო სპეციალობა: პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი და ქირურგიის ექთანი, რაც მათი კარიერული ზრდის და უკეთესი დასაქმების საწინდარია. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალ ექთნებზე მოთხოვნა მაღალია, ხოლო კადრები - დეფიციტური.

პროგრამის პრეზენტაცია 4 მაისს მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარების სამახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა წარადგინა. საექთნო გადამზადების ცენტრში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელი დევიდ ბლოდი კოლეგებთან ერთად დაესწრო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პროგრამის მნიშვნელობაზე და იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში ინერგება ინოვაციური დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლების შესაძლებლობა, რაც ევროპულ სტანდარტებს პასუხობს.

საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები USAID-ის მხარდაჭერით, პოლონეთში მოქმედი კურიკულუმების მიხედვით შეიქმნა და მათ ქართულენოვან ვერსიას წარმოადგენს. ამასთან, დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით აღიჭურვება სასწავლო ცენტრი (სასწავლო ინვენტარით, აუცილებელი ლიტერატურით, მანეკენებით/სიმულატორებით) და გადამზადდებიან პედაგოგები.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელმა USAID-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველად აამოქმედა საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების სპეციალიზაციის ცენტრი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის სრულად შეესაბამება 2025 წლისთვის საექთნო საქმეში დაგეგმილ რეფორმას და ამ პროექტის ფარგლებში კურსდამთავრებულ ექთნებს საშუალება მიეცემათ რეფორმის განხორციელების ეტაპზეც მოიპოვონ ექთან-სპეციალისტის წოდება,“ - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა. მისივე შეფასებით პროგრამა რეგიონში სამედიცინო სექტორში ძლიერი, პროფესიონალი ექთნების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

,,USAID-ისა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ პარტნიორობით საქართველოში ინოვაციური დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლების შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს ევროპულ სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანია რეგიონულ ჭრილში, როგორც საგანმანათლებლო კუთხით ასევე დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამავდროულად, ეს შეესაბამება იმ სტრატეგიას, რასაც ითვალისწინებს 2025 წლიდან საექთნო საქმიანობის რეგულირების შემოღება,“ - აღნიშნა USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა.

პრეზენტაციის მსვლელობისას მხარეებმა რეგიონისა და მთლიანად ქვეყნისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები საქართველოში პირველად მომზადდა და ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი პროგრამების იდენტურია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც დასაქმებული პერსონალის ნაწილი ასევე ეთნიკური უმცირესობებითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალის გადამზადება „ჯეო ჰოსპიტალსის“ საექთნო სასწავლო ცენტრის ბაზაზე უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში არა მხოლოდ ქსელის პერსონალი, არამედ რეგიონის სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო პროგრამების მიმწოდებელი კოლეჯების კურსდამთავრებულებიც ჩაერთვებიან.

ახალი პროექტის წარდგენას რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, საექთნო პროფესიული სასწავლებლების, „ჯეო ჰოსპიტალსის“ მენეჯმენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(R)