თბილისში საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართება

სასტუმრო „რესპუბლიკაში“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ღონისძიებას - „საქართველოს
საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია“ გამართავს.
კონფერენცია საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM-ის ეგიდით და მონაწილეობით 4-5 მაისს, 9:00 საათზე ჩატარდება.
„ორგანიზაცია სპეციალიზირებულია დაზღვევა/გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო საქმიანობისა და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე.
შეხვედრაზე უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ განხილული იქნება ადგილობრივი სადაზღვევო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი საკითხები ადგილობრივი ბაზრის გამოწვევები და სამომავლო გეგმები, როგორიცაა გადახდისუნარიანობა 2-ის სარეგულაციო ჩარჩო და მისი დანერგვის ეტაპები და გამოწვევები. ასევე, შეხვედრაზე იმსჯელებენ ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დანერგვის საკითხზე, განიხილავენ მისი მიღების აუცილებლობას და მოცემულთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
ღონისძიებას, გარდა უცხოელი წარმომადგენელებისა, დაესწრებიან საქართველოს სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ბროკერების, საჯარო უწყებების, ფინანსური ინსტიტუტებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























