აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. სამინისტროში მიმდინარე შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც დაესწრება.
ერთ-ერთი მშობლის, ქეთი ბეგიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მშობლების მთავარი მოთხოვნა საჭირო მედიკამენტის საქართველოში ჩამოტანის ზუსტი ვადების გაწერა იქნება.
„გუშინ სახალხო დამცველის აპარატიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ სურთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოლაპარაკებას დაესწროს და შეხვედრა მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს შორის გაიმართოს. პირადად მე, ახალს და კონკრეტულს მათგან არაფერს ველი, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა, რომ მათ კიდევ მეათედ მოვუსმინო. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა წამლის შემოტანის კონკრეტული ვადები იყოს, ოღონდ არა მათ მიერ გაწერილი. პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწეროს, როდის შემოვა მედიკამენტი "ვოზორიტიდი" ქართველი ბავშვებისთვის. პროტესტს ვაგრძელებთ, არავის ჰქონდეს მცდელობა იმის, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან აგვაყენონ და აქ იმიტომ მიგვიყვანონ, რომ რამე დავთმოთ",- განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა.
"ერთადერთი მიზნით და მოთხოვნით მოვედით, რომ სექტემბერი კონკრეტულად დასახელდეს მედიკამენტის ჩამოტანის დროდ. 4 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა მკურნალობა დაიწყონ. ის, რომ "ბიომარინთან" აქვთ მოლაპარაკება, ჩვენთვის ცნობილია. გვინდა, როგორც 16 თვე დავკარგეთ, ისე არ მოხდეს კიდევ", - განაცხადა კიდევ ერთმა მშობელმა სალომე გაბელაშვილმა.

























