ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია

კერძო დაზღვევა საფინანსო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც დაახლოებით, 1 მილიარდი ლარის სადაზღვევო პრემიას აგენერირებს და დასაქმებულია 4 000-მდე პროფესიონალი. მინდა თითოეულ მათგანს დაზღვევის დღე მივულოცო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, კერო დაზღვევას საქართველოში 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია და გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობამ სადაზღვევო სფეროს ე.წ. „ესტონური მოდელით“ დაბეგვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„მინისტრის მოადგილემ ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე გაამახვილა, რომელთა შემუშავებაშიც აქტიურად არის ჩართული კერძო სადაზღვევო სექტორიც.
ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტს კერძო საპენსიო შენატანების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
მისი თქმით, საუბარია ე.წ. მესამე პილარზე, რომელიც მთლიანად არის აწყობილი სადაზღვევო პრინციპებზე და წამყვანი მოთამაშეები სადაზღვევო კომპანიები იქნებიან.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და სადაზღვევო ინდუსტრია ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე აქტიურად მუშაობს, რომელიც მოკლე ვადაში პარლამენტს განსახილველად წარედგინება“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























