ნანა ტოხვაძე - განათლების ახალმა მინისტრმა კვლავ სისტემის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და არა მოსწავლისა და მასწავლებლის

ნანა ტოხვაძე - განათლების ახალმა მინისტრმა კვლავ სისტემის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და არა მოსწავლისა და მასწავლებლის

საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული სამინისტრო ქაოსურ ექსპერიმენტებს აგრძელებს და მასწავლებელთა არგუმენტირებული პროტესტის ფონზე პორტფოლიოს ატვირთვის ვადას 1-ელ ივნისამდე ავადებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე აცხადებს.

მისივე თქმით, განათლების მინისტრმა მასწავლებლების მოთხოვნა, რომ პორტფოლიო თვითგანვითარების ინსტრუმენტი ყოფილიყო და არა სტატუსის მიმნიჭებელი მექანიზმი, უკუაგდო.

„როგორც მოსალოდნელი იყო, განათლების ახალმა მინისტრმა ისევ სისტემის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და არა მოსწავლე/მასწავლებლის, განათლების ხარისხისა თუ ბავშვზე ორიენტირებული სწავლების სასიკეთოდ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ავადსახსენებელი სქემის სიკეთეებზე ძნელად მოიპოვება არგუმენტები, ხოლო მის ხელისშემშლელ ეფექტებზე მრავალ არგუმენტს მოისმენთ მასწავლებლებისგან.

საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული სამინისტრო ქაოსურ ექსპერიმენტებს აგრძელებს და მასწავლებელთა არგუმენტირებული პროტესტის ფონზე პორტფოლიოს ატვირთვის ვადას 1-ელ ივნისამდე ავადებს. ამილახვარმა ამითაც დროში მოიგო და სტატუსების მინიჭების, შესაბამისად ხელფასის მატების, ვადებიც გაახანგრძლივა. ხოლო სამართლიან მოთხოვნას, პორტფოლიო მასწავლებლების თვითგანვითარების ინსტრუმენტი ყოფილიყო და არა სტატუსის მიმნიჭებელი მექანიზმი უკუაგდო და ზურგი აქცია.

მინდა გავამხნეო მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც შეეჯახნენ მახინჯ, ყრუ, დამყაყებულ და მკაცრად ცენტრალიზებულ სისტემას. ეს მათი მარცხი არ არის, გამოცდილებაა! რადგან, სამწუხაროდ, მოქმედ პოლიტიკურ ვერტიკალს ჯანსაღი კრიტიკა, არგუმენტები, პოზიტიური სასკოლო გარემო, განათლების ხარისხი და მასწავლებლის ღირსება ნაკლებად ადარდებს! ძალას უნდა ხედავდნენ, თავებს უნდა ითვლიდნენ რომ უკან დაიხიონ, შეისმინონ და გაითვალისწინონ მასწავლებელთა ხმა!“ - განაცხადა ნანა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.