ვაჟა იორდანიშვილი - სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზეა

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზეა.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება და ასე თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან ის ავტომობილები, რომლებიც გამონაბოლქვის ჭარბ რაოდენობას გამოყოფენ.
„ყველაზე დიდი პრობლემა არის მიმართვიანობა. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზე გვაქვს. 2019 წელს 788 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა ტექინსპექტირება, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 785 ათასი იყო. გამოდის, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა არ გაზრდილა. ეს იმის მიზეზია, რომ ჩვენ გზებზე ჯერ კიდევ ვხედავთ გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებს. დიდი ალბათობით, ეს არის სწორედ ის ნაწილი, რომელიც ტექინსპექტირებაზე არ მიდის ან მიდის, მაგრამ მათი ხრიკებით გადიან ერთჯერად ტექინსპექტირებას, რის შემდეგაც გზებზე გადაადგილდებიან. რაც შეეხება ცვლილებებს, მას შემდეგ, რაც განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა, მძღოლები უფრო მობილიზებული არიან და ავტომობილები შედარებით მოწესრიგებულ მდგომარეობაში ჰყავთ. ჩვენ თუ დახარვეზების სტატისტიკას გადავხედავთ, ყველაზე მეტი მაჩვენებელი მოდის ელექტრომოწყობილობებზე, ეს არის ფარები, შუქამრეკლი, რა კუთხითაც ხარვეზი შესაძლებელია მძღოლმა თავად აღმოაჩინოს და თვითონ გამოასწოროს, ვიდრე ტექინსპექტირების ცენტრში მივა“, - განაცხადა იორდანიშვილმა.

























