ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული კონცეფცია ადეკვატური, სწორი და მართებულია

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული კონცეფცია ადეკვატური, სწორი და მართებულია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ადეკვატური, სწორი და მართებულია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, როგორც მან თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩართული.

„დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები, რაც პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა ბრძანა, ეს გარანტიები არის და იქნება შესრულებული. ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ გვეყოლება. ჩვენი კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. კონცეფცია იყო სწორი და ადეკვატური“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

აღსანიშნავია, რომ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, დღეს სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ.

განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.