ქობულეთის სამი სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ჩაისუბნის, გორგაძეებისა და ხალას მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
როგორც სოფელ ჩაისუბანში შეკრებილი მოსახლეობა აცხადებს, სოფლებთან დამაკავშირებელი გზა აღარ არსებობს.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ძველი ხიდი დაშალეს, ხოლო ალტერნატიული გზა მოსახლეობა არ დაუტოვეს. რის გამოც, მათივე ცნობით, სამი სოფელი პარალიზებულია.
„ხიდი დაშალეს, ალტერნატიული გზა არ არის და ცენტრალურ გზას ვერ ვუკავშირდებით, მილები მდინარემ წაიღო. ამ გზით სამი სოფელი სარგებლობდა - ჩაისუბანი, გორგაძეები და ხალა. როგორც ფეხით, ასევე მანქანით შეუძლებელია გადადგილება, პარალიზებულები ვართ. არავინ არაფერს გვეუბნება. სოფლის მცხოვრებლები დაგვტოვეს გზის გარეშე”, - აცხადებენ ადგილობრივები.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტი ახალი ხიდის მშენებლობას ახორციელებს. მანამდე კი,მათივე განცხადებით, მოსახლეობას დროებით ალტერნატიული გზით სარგებლობა შეუძლია.

























