გურამ გურამიშვილი - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ტრავმების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის განცხადებით, ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ტრავმების რაოდენობა შემცირდა, თუმცა მონაცემები კვლავ მაღალია და ეს ქვეყნისთვის გამოწვევაა.
„2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, როგორც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, ასევე მათგან გამოწვეული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები შემცირდა. კერძოდ, საგზაო შემთხვევების რიცხვი 6,7%-ით შემცირდა, დაშავებულთა რაოდენობა - 2,4%-ით, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი კი - 4,2%-ით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მონაცემები კვლავ მნიშვნელოვნად მაღალი რჩება, რაც ქვეყნისთვის გამოწვევაა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ.
“მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მიღებული ტრავმების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიმართულებით. მათ შორის, ის განაპირობებს ჯანმრთელი ცხოვრების წლების გახანგრძლივებასა და შრომისუნარიანობის ზრდას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. გურამ გურამიშვილის თქმით, აღნიშნულს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე პოზიტიური გავლენა აქვს.
სხდომაზე 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, დადებითად შეფასდა ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის მიმდინარეობა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებასა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერას შეეხება. ასევე, ყურადღება გამახვილდა ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციის მიზნით გამართულ აქტივობებზე და სხვ.”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























