მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებამ, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და პირისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება  გამოიწვიოს

მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებამ, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და პირისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება  გამოიწვიოს

მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და პირისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს.

მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება გამოიწვევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მფლობელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით - თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მფლობელი იურიდიული პირი დაჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით - თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე.

როგორც მთავრობა განმარტავს, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც როგორც ნიადაგს, ასევე გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ამასთან, არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც შესაძლებელია შეუქცევადი შედეგები გამოიღოს.

გარდა ამისა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სახერხ საამქროს თითოეული წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშისთვის დამატებით 50 ლარის გადახდა დაეკისრება. შესაბამისად, სახერხ საამქროს 10 საკონტროლო ფირნიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა 500 + 10 X 50 = 1000 ლარის ოდენობით.

„აღნიშნული ქმედებისათვის საჯარიმო სანქცია დღეის მდგომარეობით, მიუხედავად წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშების ოდენობისა, არის 500 ლარი, რაც თავის მხრივ სახერხი საამქროებისათვის შემაკავებელ ეფექტს არ ქმნის. არის შემთხვევები, როდესაც ხდება წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშების განმეორებით გამოყენება ანუ ხდება უკანონო მორების დაფირნიშება ერთხელ უკვე გამოყენებული და წარმოუდგენელი ფირნიშებით“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.