„ევროპის დროით“ შრომის სამართლის ყოველთვიურ ბიულეტენს აქვეყნებს

„ევროპის დროით“ შრომის სამართლის ყოველთვიურ ბიულეტენს აქვეყნებს

ორგანიზაცია „ევროპის დროით“ შრომის სამართლის ყოველთვიურ ბიულეტენს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და შრომითი ურთიერთობების სტანდარტების თაობაზე.

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი საქართველოს შრომის კოდექსსა და სასამართლო პრაქტიკაში

ეკატერინე გასიტაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

სშკ-ის 27.2-ე მუხლი ადგენს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ეს უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თავის მხრივ, 14.1.“ზ“ მუხლით შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს მხარეთა შეთანხმება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესზე.

რას გულისხმობს „საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა“? მაგალითად, ნორმირებული სამუშაო დროის მიხედვით, ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა გაიყოფა სამუშაო დღეებზე და პირობითად თუ ერთ დღეში დასაქმებულის შრომის ანაზღაურება საათში 10 ლარი გამოვა (8 საათიანი სამუშაო დღის პირობებში ერთ დღეში 80 ლარი), მაშინ ნორმირებული სამუშაო დროის ზემოთ, - ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროისათვის, პირობითად 2 საათისათვის, დასაქმებულს დამატებით უნდა მიეცეს არა 20 ლარი (ანუ თითო ზეგანეკვეთური საათისათვის 10 ლარი), არამედ საათობრივი გაზრდილი განაკვეთის მიხედვით, ერთი საათისათვის 10 ლარზე მეტი (2 საათისთვის კი 20 ლარზე მეტი).

სასამართლო პრაქტიკა ეფუძნება სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე მხარის მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმებას. ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურებისათვის დაკმაყოფილებულია დასაქმებულის მოთხოვნა საათობრივი განაკვეთის გაზრდილი სხვადასხვა ოდენობით, მაგალიღად 1:1.10, 1:2 და სხვა სქემით. მაგალითად, საქმეში №ას-420-2020 (26.07.2022) სასამართლომ დააკმაყოფილა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება განაკვეთით 1:1.10 (ზეგანაკვეთური მუშაობისას საათობრივი ანაზღაურება იზრდებოდა 1.10-ჯერ); ხოლო საქმეში N ას-44-2021 (31.05.2021) დაკმაყოფილდა დასაქმებულის მოთხოვნა თითოეული ზეგანაკვეთური ნამუშევარი საათისთვის 2-ჯერ გაზრდილი ღირებულებით გაცემულიყო ანაზღაურება (1:2).

ეკატერინე ქარდავა, სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი, ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარე

რუბრიკა: კითხვა-პასუხი

რამდენი ხნით უნდა აანაზღაუროს დამსაქმებელმა დასაქმებულის შრომისუუნარობა (ავად ყოფნის გამო)?

საქართველოს შრომის კოდექსის 46.2.“ი“ მუხლის თანახმად, დასაქმებული პირი ავადმყოფობისას სარგებლობს შრომითი ურთიერთობების შეჩერების უფლებით. აღნიშნულს ეწოდება დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს. ეს ვადა არ ჩაითვლება შვებულებაში. სშკ, აგრეთვე იცნობს ხანგძლივი შრომისუუნარობის ცნებას (47.1.“ი“ მუხლი). ხანგრძლივ შრომისუუნარობას მაშინ აქვს ადგილი, თუ შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს (ხანგრძლივი შრომისუუნარობა შესაძლოა გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებით დამტკიცებულია

დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი. ეს ბრძანება ეხება დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურებას და არა ხანგრძლივი შრომისუუნარობის ანაზღაურებას. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დამსაქმებელი.

ბრძანების 4.3 მუხლის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე... ამ ნორმის თანახმად, დამსაქმებელმა დასაქმებულს სრულად უნდა აუნაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობა იმ დღეთა რაოდენობის მიხედვით, რომელიც დადგენილია შრომის კოდექსით - ზედიზედ 40 კალენდარული დღე ან 6 თვის მანძილზე 60 კალენდარული დღე (თუ დასაქმებული ავადაა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში).

ერთი მხრივ, დროებითი შრომისუუნარობის დღეთა შემცირება მხარეთა შორის შეთანხმებით კანონსაწინააღმდეგო იქნება (სშკ-ის 1.3., 14.7 მუხლებისა და ზემოაღნიშნული ნორმატიული დანაწესის ძალით). მეორე მხრივ, სამართლებრივი იმპერატივით არ იკვეთება ვალდებულება, რომ დამსაქმებელმა უნდა აანაზღაუროს დასაქმებულის ხანგრძლივი შრომისუუნარობა (იმ დღეებზე მეტი, ვიდრე ეს დროებითი შრომისუუნარობაა). ამის მავალდებულებელი ნორმა არ არსებობს. დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულზე ზრუნვის ვალდებულება შემოფარგლულია პერიოდით, რომელსაც ეწოდება დროებითი შრომისუუნარობა.

ზემოაღნიშნულ საკითხზე საქართველოს საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული აზრები და პრაქტიკა. მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბება (მხარეთა წონასწორობისა და ბალანსის დაცვით).

სიახლე:

ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება

2023 წლის 24 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #33, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა. ეს ოდენობა არის არაუმეტეს 2000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულებების დამატებით ანაზღაურებაზე.

საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, დადგენილებით გათვალისწინებულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა „საქართველოს შრომის კოდექსის“ 39-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურება. დამატებითი ანაზღაურება გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

ახალი წესი გავრცელდება 2023 წლის 1 იანვრიდან. აქ იგულისხმება:

ა) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდი 2023 წლის 1 იანვრიდან გახსნილი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

ბ) ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდი „ა“ პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის შემდეგ ან 2023 წლის 1 იანვრიდან ბავშვის დაბადების შემდეგი პერიოდი;

გ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდი 2023 წლის 1 იანვრიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

  • ახალი დადგენილება იხ.: https://matsne.gov.ge/document/view/5699771?publication=0
  • დახმარების გაცემის წესი კი განსაზღვრულია 2020 წლის 29 დეკემბრის მინისტრის ბრძანებით #01-133/ნ „ორსულობის, მშობიარობისადაბავშვისმოვლის, ასევეახალშობილისშვილადაყვანისგამოშვებულებებისანაზღაურებისწესის“ დამტკიცებისთაობაზე. იხ.: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5065218?publication=0