წალენჯიხაში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

წალენჯიხაში, მალე, შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრი, პირველ ეტაპზე, დაუნის სინდრომის მქონე და აუტისტური სპექტრის ბენეფიციარებს მოემსახურება. ცენტრში, რომელიც მერიის დაქვემდებარებაში იქნება, ბავშვები სხვადასხვა თერაპიულ კურსს სრულიად უფასოდ გაივლიან.
„კვლევებით გამოიკვეთა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობა წალენჯიხაში აუცილებელია. მსგავსი ცენტრი ზუგდიდში არსებობს, რომლის ბენეფიციარიც 12 წალენჯიხელი ბავშვია, თუმცა, რეალურად, მსგავსი ტიპის მომსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტში სამჯერ მეტს სჭირდება”, - აცხადებს წალენჯიხის მერის მოადგილე ივანე ბურდული.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ივანე ბურდულმა აღნიშნა, რომ ცენტრისთვის შენობის შერჩევა დაწყებულია.
განიხილება ორი ლოკაცია - სამმართველოსთან (პოლიციის შენობასთან) მდებარე მუნიციპალური ფართი და „ევექსის კლინიკები”.
ბურდულის თქმით, მოლაპარაკებები ორივე კუთხით მიმდინარეობს და საბოლოოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გაირკვევა, თუ სად დაიდებს ბინას სარეაბილიტაციო ცენტრი.
როგორც მერის მოადგილე ამბობს, ცენტრის შენობისთვის სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სურვილი უკვე გამოთქვა.
მისივე განმარტებით, სამომავლოდ, ცენტრი ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამებშიც ჩაერთვება.
ამასთან, განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. „ჩვენთვის არა, ჩვენთან ერთად“ - ეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანია.

























