იუსტიციის სამინისტროს წინ გამართული აქციის მონაწილეებმა სამინისტროში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით წერილი შეიტანეს

იუსტიციის სამინისტროს წინ გამართული აქციის მონაწილეებმა სამინისტროში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით წერილი შეიტანეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, წერილის მთავარი მიზანია, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეახსენონ, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელი უნდა შეუწყოს და არა - შეუშალოს.
„აქციის მონაწილეების სახელით, ჩვენ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სახელზე დაწერილი წერილი სამინისტროში შევიტანეთ. მე იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ წარმომადგენელს პირადად ვესაუბრე. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, რატი ბრეგაძე სამუშაო საათებში სამსახურში არ იმყოფება. რაც შეეხება წერილის შინაარსს, აქ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ რატი ბრეგაძეს კონსტიტუციური ვალდებულება აქვს იმისა, რომ შეასრულოს მოთხოვნა და უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. მან ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყოს და არა - შეუშალოს. თუ რატი ბრეგაძე ამას არ გააკეთებს, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა დრო რჩება. რაც უფრო ნაკლებ დანაშაულს ჩაიდენს რატი ბრეგაძის უწყება, მით უფრო კარგი იქნება მათი მომავლისთვის", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია სახელწოდებით "გადაარჩინეთ საქართველოს ევროპული მომავალი" გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა რატი ბრეგაძის უწყების მიერ 27 ქვეყნის ხელმოწერილი ნოტას პირობების დაკმაყოფილება და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა იყო.

























