ადვოკატი - ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილი აქვს, საწოლიდან ვეღარ დგება, საუბარიც უჭირს - ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ილია ლომია აცხადებს, რომ სააკაშვილს უკვე ერთი კვირაა კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს და საწოლიდან ვერ დგება.
მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს კლინიკა „ვივამედის“ მედ-პერსონალი ტკივილების შესაჩერებლად ტკივილგამაყუჩებელ წამლებს აძლევენ.
„ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, საწოლიდან ვეღარ დგება. ტკივილები კიდურებში აქვს, ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ და საუბარიც უჭირს, არ უნდა საუბარი, უხასიათოდ არის, მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაში. სიმართლე გითხრათ, მე ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს, ის ტელეგადაცემებს ადევნებდა თვალს, საუბრობდა, მაგრამ ახლა საუბრის სურვილიც არ აქვს. ფაქტობრივად, არაფერზე არ საუბრობს, უბრალოდ, ჩვენი შეხვედრა შემოიფარგლება, რომ გამარჯობას ვეუბნებით და რამდენიმე წუთის შემდეგ მის პალატას ვტოვებთ. ერთი კვირაა უკვე ასეთ მდგომარეობაშია, გაუსაძლის, მივარდნილ მდგომარეობაში“, - განაცხადა ლომიამ.

























