შრომის ინსპექციის სამსახური სხვადასხვა სექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

შრომის ინსპექციის სამსახური სხვადასხვა სექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

შრომის ინსპექციის სამსახური სხვადასხვა სექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს და ამჯერად, უწყების ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრაზე ყველა ის გამოწვევა განიხილეს, რაც დღეს ბიზნესს აქვს.

„შეხვედრის მთავარი თემა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ნუსხაში შეტანილი ცვლილებები იყო. ცვლილებები რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პერსონალზეც ვრცელდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ამ სექტორში დასაქმებულებისთვის სამუშაო დრო კვირაში 48 საათიდან 40-მდე შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დროის შემცირებას დასაქმებული პირის ხელფასზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს! კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე, დასაქმებულმა გაზრდილი ოდენობით ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა მიიღოს. სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებს შრომის ინსპექციის სამსახური უწევს ზედამხედველობას. როგორც საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, 48 საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები ექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო საჭიროებას. ცვლილებების მიზანი აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.