„ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება

„ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ). ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთად, პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის 9 მარტიდან ონლაინ კურსს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, კურსის თემატიკა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებს შეეხება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კურსის ხანგრძლივობა 2 თვე იქნება და მისი დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გაიცემა.

„კურსს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია გახსნის და მონაწილეებს ენერგეტიკული ბიზნესის, ენერგეტიკული სექტორის რეგულირების საკითხებს გააცნობს. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები.

კურსის ფარგლებში განიხილავენ ელექტროენერგიის საცალო ბაზრის, განახლებადი ენერგიების რეგულირების, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიის, ენერგეტიკის სექტორში მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსის, ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის, ენერგეტიკული ბირჟის, საბალანსო და დამხმარე ბაზრების, კონკურენციის, ბუნებრივი გაზის სექტორის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით საკითხებს.

მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე: https://entc.ge/ka/registerform

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 6 მარტი, 18:00 საათი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.