ვახტანგ გომელაური - 2022 წელს შსს 1108 თანამშრომელმა დატოვა, 1047 მივიღეთ, ცოტა მეტი წავიდა, ვიდრე მივიღეთ - გადინება ხდებოდა და ხდება, მიდიან უკეთესი სამსახურის საძებნელად და მეტი ანაზღაურებისთვის

ინფორმაცია, რომ შსს-ს პოლიციელები ტოვებენ და გარბიან, სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ესეც ტელევიზიების აწეული თემებია, რომლებსაც ძალიან არ ვუყვარვართ ჩვენ, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის შეკითხვას, რომელიც პოლიციის რიგებიდან პოლიციელთა გასვლას ეხებოდა.
ვახტანგ გომელაურმა, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება, განმარტა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, შს სამინისტრო 1 108 თანამშრომელმა დატოვა და 1 047 თანამშრომელი კი მიიღეს.
„ცოტა მეტი წავიდა, ვიდრე მივიღეთ 2022 წელს. ის, რომ ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები, არ არის სიმართლე. სამწუხაროდ, ესეც ტელევიზიების, რომლებსაც ძალიან არ ვუყვარვართ ჩვენ, აწეული თემებია - თითქოს გარბიან პოლიციელები. გადინება ხდებოდა 1990-იან წლებში, 2000-იან წლებშიც და დღესაც ხდება, მიდიან უკეთესი სამსახურის საძებნელად და მეტი ანაზღაურებისთვის. თუმცა, იცით, რომ მოვუმატეთ ხელფასები, 30%-ით მოემატათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ , - განაცხადა გომელაურმა.

























