MDF-მა 2022 წლის „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის“ გამარჯვებულები გამოავლინა

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 2022 წლის „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის“ გამარჯვებულები გამოავლინა. წლევანდელი კონკურსი ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერითა და The Critical Mass LLC-თან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩატარდა.
14 დეკემბერს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ფინალისტ სკოლებს და ღონისძიების დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა მიმართა.
“ჩვენ ვნახეთ თუ რაოდენ სწრაფად ვრცელდება პროპაგანდა და ისეთი ნარატივები, რომლებიც კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ნორმების შერყევისკენაა მიმართული. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. შესაბამისად, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება და ინფორმაციის დამოუკიდებლად შეცნობის უნარის ჩამოყალიბება მთელი საზოგადოებისთვისაა აუცილებელი, ვინაიდან ეს პროცესი სწორი და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს. დღეს, ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა 2022-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, გვაქვს საშუალება, გამოვავლინოთ და წავახალისოთ საქართველოს სხვადასხვა სკოლების ის მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებიც ამ მიმართულებით პოზიტიური ცვლილებების მამოძრავებლები არიან.”- განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

“ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის” ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსის ფარგლებში შემოსული 80-მდე განაცხადიდან ფინალურ ეტაპზე ჟიურის წინაშე 12 სკოლა წარდგა. მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა საჯარო და კერძო სკოლების გუნდებმა ორიგინალური საპროექტო იდეები წარადგინეს, რომელთა მიზანი მედია და ინფორმაციული წიგნიერების საკითხის პოპულარიზაციაა. სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ნინო დობორჯგინიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), თინა ჯაფარიძე (The Critical Mass LLC), გიორგი ჭაუჭიძე (მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა), თინა მამულაშვილი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და თამარ ხორბალაძე (მედიის განვითარების ფონდი), სულ 4 გამარჯვებული გამოავლინა.
კონკურსში პირველი ადგილი და “ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის” ტიტული თბილისის ევროპული სკოლის ორმა გუნდმა - "SmartOwl2023" და "სიმართლის მაძიებლები" - გადაინაწილა. მეორე ადგილი ჯემალ ქათამაძის სახელობის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის გუნდმა - "ოპიზა" - დაიკავა. მესამე ადგილზე კი თბილისის სკოლა აკადემოსის გუნდი გავიდა.
“მედიის განვითარების ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლებას. ინოვაციური იდეების და ინიციატივების გამოვლენის მიზნით ჩვენ ყოველწლიურად ვმართავთ კონკურსს, რათა საუკეთესო სკოლები წავახალისოთ.” - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

მთავარი პრიზების გარდა, წელს MDF-ის სპეციალური პრიზი კრეატიული სცენარისთვის ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის გუნდ „ლორექსს“ გადაეცა. კრეატიული პოსტერისთვის კი დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის გუნდი "D.A.N.I" დაჯილდოვდა.
კონკურსი პროექტის "მედიაწიგნიერი სკოლები საზოგადოების მედეგობისთვის საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანი, სკოლებში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობითა და მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარების გზით საზოგადოების მედეგობის გაძლიერებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდმა საქართველოს 8 ქალაქში - თბილისი, ბათუმი, ახალციხე, თელავი, გორი, ქუთაისი, წალენჯიხა, ყვარელი - მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში საჯარო და კერძო სკოლის 200 პედაგოგი დაატრენინგა.
(R)

























