„არემჯიმ“ სამთოელის დღე აღნიშნა

„არემჯიმ“ სამთოელის დღე აღნიშნა

კომპანია „არემჯიმ“ სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა. კომპანიის განცხადებით, უკვე მე-4 წელია, რაც კომპანიაში მივიწყებული ტრადიცია აღდგა და 4000-ზე მეტ დასაქმებულთან ერთად, ყოველწლიურად ამ დღეს პროფესიული დღესასწაული - სამთოელის დღე აღინიშნება.

თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის 7 საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ წლის სამთოელის საპატიო ჯილდო გადასცა.

„არემჯის“ ცნობით, ღონისძიებაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ მოწვეულ სტუმრებს და კომპანიის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ სამთოელის დღეს. 10 წელი გავიდა „არემჯის“ დაფუძნებიდან და ჩვენ ძალიან გვიხარია ამ დღის ასე საზეიმოდ აღნიშვნა. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს როგორც წარმოების გადაიარაღების და განახლების, ასევე ეკოლოგიის თუ სოციალური საკითხების გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ, ეს სასიკეთო ცვლილებები გვაძლევს სტიმულს, რომ ვიზეიმოთ და მივულოცოთ ერთმანეთს სამთოელის დღე“, - აღნიშნა ჯონი შუბითიძემ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის სამთოელები გახდნენ: გამამდიდრებელი ფაბრიკის ფლოტატორი ლუიზა გვარაძე, მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის ექსკავატორის მემანქანე ემზარ ყაფლანიშვილი, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალბერტ კუსიანი, წყალქცევის უბნის უფროსი ოსტატი დაზმირ ზურაბიშვილი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საქმეთა მწარმოებელი ნინა პანიანი, მთავარი გეოლოგიური სამსახურის დასინჯვის გეოლოგი შოთა ონიანი და ავტოტრანსპორტის სარემონტო საამქროს ზეინკალ-ხარატი მოხუბათ იბრაგიმოვი.

„არემჯის“ განცხადებით, ეს ადამიანები არაერთი ათწლეულია მუშაობენ კომპანიაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში.

სამთოელის დღე, 2019 წელს, არემჯის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კორპორატიულ დღედ დაწესდა და კომპანიაში დასაქმებული 4000-ზე მეტი თანამშრომლისთვის უქმე დღედ არის გამოცხადებული.