ვახტანგ კაპანაძემ და დავით კაპანაძემ ეროვნული თანხმობის დეკლარაცია ახალციხესა და ქუთაისში წარადგინეს

ვახტანგ კაპანაძემ და დავით კაპანაძემ ეროვნული თანხმობის დეკლარაცია ახალციხესა და ქუთაისში წარადგინეს

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გუნდმა, პროექტ „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასვლითი შეხვედრა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან შეხვედრებს უძღვებოდნენ „ჯეოქეისის” მრჩეველი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გენ-შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე და GSAC-ის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი, დავით კაპანაძე. შეხვედრებზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი „ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ მიზნებზე და მისი თითოეული პუნქტის, პოსტულატის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი დეკლარაცია გავაცნოთ საზოგადოებას. სწორედ ამ მიზნით, გავმართეთ შეხვედრები უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან, სადაც დამსწრე საზოგადოებას ეროვნული თანხმობის დეკლარაციის შესახებ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინა პლანზე წამოვწიოთ აკადემიური წრეების შესაძლებლობები, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მოქალაქეებს, დასხდნენ ერთმანეთის გვერდით და, კამათის ნაცვლად, დისკუსია გამართონ,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

მოქალაქეთა შორის დისკუსიის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება GSAC-ის უფროსმა მკვლევარმაც და საზოგადოების ერთობის ხელშეწყობის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ გვსურს ვუჩვენოთ საზოგადოებას თანამშრომლობის ერთი კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ქართველებსაც შეგვიძლია ერთად დასხდომა და დისკუსიის გამართვა ქვეყნისათვის საჭირბოროტო, აქტუალურ საკითხებზე,“ – განაცხადა დავით კაპანაძემ. პროექტი

„ჯეოქეისის” ინფორმაციით, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია, საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში. გაცნობებთ, რომ მსურველებს შესაძლებლობა აქვთ შეუერთდნენ „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ მიერ შექმნილ დეკლარაციას.

დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებელია ბმულზე: Gsac.ge/ელ.ხელმოწერა