მამაკაცს, რომელმაც რძალს სანადირო თოფიდან ესროლა და მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

აჭარაში რძლის მკვლელობაში ბრალდებულ, 63 წლის მამაკაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომრობა სრულად გაიზიარა.
გამოძიების თანახმად, 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატიურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, გააჩნდა ფსიქიკური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
























