პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ფოთის, ხობის და ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ფოთის, ხობის და ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ფოთის, ხობის და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, თვითმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, იმსჯელეს როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის და დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ისე დაზარალებულების მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

„პროკურორებმა ადგილობრივ მოსახლეობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს. შეხვედრაზე ყურადღება დაზარალებულთა მხარდაჭერის და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე გამახვილდა.

პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შესახებ შეხვედრების მონაწილეების მოსაზრებები მოისმინეს. ისაუბრეს ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.