ფონდი „კარდანო“ შეკრების ადგილად თბილისს ირჩევს

2022 წლის 3 დეკემბერს, სასტუმრო „მეტამ“, „კარდანოს“ შეკრებას — Cardano Summit 2022 Tbilisi-ს უმასპინძლა. ფონდი „კარდანო“ მსგავსი ფორმატის ღონისძიებას საქართველოში უკვე მეორედ მართავს, შეკრებების ორგანიზატორი კი მისი სპეციალური წარმომადგენელი — ბრენდ-ამბასადორი ენდრიუ თორნჰილია.
წლევანდელი ღონისძიება, გასული წლის შეკრებისგან განსხვავებით, მეტად ფორმალური ხასიათის და აქტივობებით დატვირთული იყო: ათ პანელურ დისკუსიაში ოცდაათზე მეტი გამომსვლელი მონაწილეობდა, როგორც საჯარო, ასევე — ფინანსური ტექნოლოგიების და სტარტაპების სფეროდან. სპიკერებმა თანამედროვე ეკონომიკის ისეთი აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორიცაა: „კარდანოს“ პროექტები საქართველოში“, „მთავრობა და რეგულაციები“, „ტექნოლოგია და წინსვლა“, „საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის გამოწვევები“, „საუბრები ბლოკჩეინის მმართველობასა და დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებზე“, „საქართველო, როგორც ამომავალი ტექნოლოგიური ცენტრი ევროპის და აზიის გზაგასაყარზე“, „ახალი ეპოქის ბანკების („ნეო-ბანკების“) საქმიანობა“, „ვებ 2 > ვებ 3“.
ფონდ „კარდანოს“ ინჟინერიის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა — მელ მაკ კენმა და საწარმოთა გლობალურმა ხელმძღვანელმა — ჯერემი ფირსტერმა შეკრება პრეზენტაციებით გახსნეს, თუ რას წარმოადგენს „კარდანო“ და როგორ მუშაობს ის. ღონისძიების ლაიტმოტივი საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და „კარდანოს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იყო, რომლის თანახმადაც, ბოლნისის რაიონში (ადგილწარმოშობა ბოლნისი) მდებარე მეღვინეობები „კარდანოს“ საპილოტე პროგრამაში ჩაერთვნენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, „კარდანოს“ მიერ შექმნილი პროდუქციის მიკვლევადობის აპლიკაცია გამოიყენონ. ღონისძიებას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე — ლევან მეხუზლაც ესწრებოდა: მან მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „კარდანოს“ პროექტები საქართველოში“.
ტექნოლოგიის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების პარალელურად, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ირაკლი ჩოლობარგიამ დისკუსია — „საუბრები ღვინოზე“ გამართა, სადაც, „ბაიას ღვინის“ დამფუძნებელ ბაია აბულაძესა და ქართული ღვინის მკვლევართან — ანტროპოლოგ რიკი ბრაუნთან ერთად, ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის „კარდანოს“ პროდუქციის მიკვლევადობის აპლიკაციის მნიშვნელობა განიხილა.
დისკუსიის პროცესში, სტუმრებს ბოლნისური ადგილწარმოშობის ღვინის დეგუსტაციაც შეეძლოთ.
შეკრების ერთ-ერთმა განსაკუთრებულმა სპიკერმა, აშშ-ს საელჩოს ეკონომიკურმა ოფიცერმა — საბრინა ნიუტონმა პანელურ დისკუსიას — „მთავრობა და რეგულაციებს“ უხელმძღვანელა.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი „კარდანოს“ საწარმოთა გლობალური ხელმძღვანელის — ჯერემი ფირსტერის თემა იყო: „რა გველის შემდეგ? ბლოკჩეინის მომავალი“.
ენდრიუ თორნჰილი, ფონდ „კარდანოს“ ბრენდ-ამბასადორი საქართველოში:
„კარდანოს“ შეკრებების ორგანიზებისას, სამი უმთავრესი წესის დაცვა გვიწევს:
1 - შეკრება ნახევრად არაფორმალური ხასიათის უნდა იყოს, რათა საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს;
2 - ამავე მიზეზით, მასზე დასწრება თავისუფალი უნდა იყოს;
3 - და, რაც მთავარია, შეკრებამ უნდა გააერთიანოს ადამიანები, როგორც ბლოკჩეინის სფეროდან, ასევე, მოცემულ სფეროს მიღმა, რადგანაც, „კარდანოს“ მიზანია, ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს რეალურ სამყაროში, პრაქტიული გამოყენება მიანიჭოს.
მოხარული ვარ, რომ წლევანდელმა შეკრებამ ბლოკჩეინის სფეროს მიღმა მოღვაწე კიდევ უფრო მეტი მონაწილე მოიზიდა — როგორც სპიკერები, ასევე, დამსწრეები, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ „კარდანოს“ საქმიანობა საქართველოში, მათ შორის — თანამშრომლობა ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, არა მხოლოდ ბლოკჩეინის სფეროში მყოფთათვის, არამედ, მთლიანი თემისთვის სასარგებლოა.
საინტერესოა, რა გველის ხვალ? ჩვენი მომავალი სავსეა გამოწვევებით და ამასთანავე, ახალი შესაძლებლობებით. გპირდებით, რომ „კარდანოსთან“ ერთად, კიდევ უფრო მეტ ინოვაციურ და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ, როგორც ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის, ასევე, სხვა სფეროებისთვისაც!“
ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ):
მელ მაკ კენი, ფონდ „კარდანოს“ ინჟინერიის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი;
ლევან მეხუზლა, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
ჯერემი ფირსტერი, ფონდ „კარდანოს“ საწარმოთა გლობალური ხელმძღვანელი;
ენდრიუ თორნჰილი, ფონდ „კარდანოს“ ბრენდ-ამბასადორი საქართველოში;
(R)

























