ქართული პრესის მიმოხილვა 01.12.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 01.12.2022

უკრაინაში ამერიკული “პეტრიოტის” შესაძლო გამოჩენამ მოსკოვის გააფთრება გამოიწვია - “4 ბატარეაც კი ქვეყნის საჰაერო სივრცის 60%-ს დაკეტავს”

“ამ ომში გადამწყვეტი მომზადებული ქვეითები და ცოცხალი ძალა იქნება” - ვის აქვს უპირატესობა დასახლებულ პუნქტებში ბრძოლისას

სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით მელია და ხაბეიშვილი აქციების მოწყობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან

* * *

უკრაინაში ამერიკული “პეტრიოტის” შესაძლო გამოჩენამ მოსკოვის გააფთრება გამოიწვია - “4 ბატარეაც კი ქვეყნის საჰაერო სივრცის 60%-ს დაკეტავს”

“აშშ უკრაინაში “პეტრიოტის” სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას განიხილავს, რათა მხარი დაუჭიროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ. მოსკოვი კი კვლავ იმუქრება, რომ თუ ნატო კიევს აღნიშნულ თავდაცვის სისტემებს მიაწვდის, “ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება”. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, “პეტრიოტის” სარაკეტო კომპლექსი ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სისტემაა, რომელსაც შეუძლია, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტოს და ოთხი ბატარეის ყიდვის შემთხვევაში, 60%-ს დაფარავს. რუსეთიც ზუსტად ამის გამო იმუქრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინაში ამერიკული “პეტრიოტის” შესაძლო გამოჩენამ მოსკოვის გააფთრება გამოიწვია - “4 ბატარეაც კი ქვეყნის საჰაერო სივრცის 60%-ს დაკეტავს”.

“ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინისთვის „პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. “ეს ახალი სისტემების გადაცემას ეხება, ისეთების, მაგალითად, როგორიცაა “პეტრიოტი”, რომლის გარშემოც ახლა მიმდინარეობს განხილვა. თუმცა ეს ასევე იმაზეა, რომ უკვე მიწოდებული სისტემები იყოს ფუნქციონალური და ეფექტიანი. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ შეგვიძლია სათადარიგო ნაწილების მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ ამ სისტემების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფა, ასევე მათთვის საბრძოლო მასალა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს ვართ”, - თქვა სტოლტენბერგმა. მან აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას ყველაზე განვითარებული სისტემები, ისეთები, როგორებიცაა ნორვეგიული “ნასამსი” და გერმანული “აირის-ტე”. სტოლტენბერგის თქმით, ეს სისტემები მაღალ შედეგებს აჩვენებენ, რაზეც რუსეთის სარაკეტო და დრონების თავდასხმების დროს უკრაინის თავდაცვის ეფექტიანობა მეტყველებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამიტომაა ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი აქ მინისტრ კულებას შევხვდეთ, რათა შევძლოთ ერთად, როგორც აქამდე ორმხრივ დონეზე ვაკეთებდით, განვიხილოთ გადაუდებელი საჭიროებები და პასუხი გავცეთ კონკრეტულ მოთხოვნებზე, რომლებსაც უკრაინა ნატოს მოკავშირეებს უგზავნის”, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. “სიენენი” კი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინაში “პეტრიოტის” ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანი დასძენს, უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის “მთავარ პრიორიტეტს” წარმოადგენს. “ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინელებს რუსული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება - რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, განვიხილავთ შესაძლებლობების კომბინაციებს, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა” - განაცხადა მაღალჩინოსანმა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ თუ კიევს “პეტრიოტის” კომპლექსები გადაეცემა, “ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნატო-ს ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის არაუმეტეს 12% ცხოვრობს. ცივილიზებულ სამყაროს ეს ორგანიზაცია არ სჭირდება. მან უნდა მოინანიოს კაცობრიობის წინაშე და დაიშალოს, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია. თუ, როგორც სტოლტენბერგმა მიანიშნა, ნატო კიევის ფანატიკოსებს ნატო-ს პერსონალთან ერთად “პეტრიოტის” კომპლექსებს მიაწვდის, ისინი მაშინვე გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე”, - წერს მედვედევი “ტელეგრამის” არხზე და თვლის, რომ “იმედი აქვს, ამას ალიანსში აცნობიერებენ”. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, “პეტრიოტი” ეს ის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკული სისტემებია, რომელიც უკრაინის ცას ყველაზე ეფექტურად დაიცავს. მისი თქმით, რუსეთის გაღიზიანებაც სწორედ ამან გამოიწვია”, - დასძენს გამოცემა.

“პეტრიოტის” სარაკეტო კომპლექსი ესაა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური და ყველაზე ძლიერი თავდაცვის სისტემა, რომელსაც უკრაინის ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეზე საჰაერო სივრცის დაცვა შეუძლია. თუ დავუშვათ უკრაინამ აშშ-სგან 4 ბატარეა შეიძინა, მთლიანად არა, მაგრამ საჰაერო სივრცის 60%-ის დაკეტვას შეძლებს. ასეთ შემთხვევაში უკრაინა თავის სტრატეგიულ ობიექტებს ძალიან ეფექტურად დაიცავს და ბუნებრივია, რომ რუსეთი ამას განიხილავს, როგორც სამხედრო კონფლიქტის ზონაში ამერიკული მხარის ჩართულობას. შესაბამისად, იმუქრება, რომ თუ “პეტრიოტები” გადაეცემა, ისინი მთავარი დარტყმის ობიექტები გახდება. თუ გადაწყვეტენ, რომ ეს სისტემები გადასცენ, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდება, პოლონეთში ამის განლაგების აუცილებლობა ნამდვილად არ იქნება. უკრაინაში რა ლოკაციებზე განალაგებენ, ეს უკვე უკრაინის პოლიტხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. ალბათ, ძირითადი ქალაქებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვაზე იქნება მიმართული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“მედვედევის მუქარა იმაში გამოიხატება, რომ ალბათ რუსეთი საკუთარ დამრტყმელ, შემტევ შეიარაღებას გამოიყენებს და გაანადგურებს. ამისთვის საჭირო იარაღი რუსეთს აქვს. ახლა საქმე ისაა, მიჰყიდის თუ არა აშშ უკრაინას “პეტრიოტ” სისტემებს, წესით ისეთი მდგომარეობაა, რომ უნდა მიაწოდონ, თუმცა, ეს ძალიან ძვირადღირებული კომპლექსია, თითოეული ასეთის განადგურება აშშ-სთვის პრესტიჟის საკითხია, დაცული უნდა იყოს, რადგან არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა სპეცსამსახურების დახმარებით ტექნოლოგია ხელში ჩაიგდონ”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “ფეისბუქზე” წერს, ეს ეს ჯერ მხოლოდ განხილვის საკითხია: “გაჩნდა მოსაზრება რომ შესაძლოა აშშ-მ უკრაინას “პეტრიოტის” ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გადასცეს. მეორე ვარიანტის მიხედვით სისტემა უკრაინის ტერიტორიას უკრაინიდან არ დაიცავს - არამედ მომიჯნავე ქვეყნიდან. მაგალითად, თუკი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განთავსდა ეს სისტემები და მთელი პერიმეტრის (ანუ დასავლეთ უკრაინის) დაცვაც დაევალა მას, მაშინ გამოვა, რომ უკრაინას მეტ-ნაკლებად უსაფრთხო საფარი გაუჩნდება. თუმცა, ეს საკმაოდ რისკიანი სვლა იქნება და შესაძლოა აშშ-ში უშუალოდ უკრაინისათვის გადაცემა კიდევ უფრო მეტად ერჩივნოთ, ვიდრე მეორე ქვეყნიდან მისი დაცვა”, - თვლის კობერიძე”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამ ომში გადამწყვეტი მომზადებული ქვეითები და ცოცხალი ძალა იქნება” - ვის აქვს უპირატესობა დასახლებულ პუნქტებში ბრძოლისას

“უკრაინაში ომის უკვე 280-ე დღეა - რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე. მძიმედ დაშავდა 73 წლის ქალი. აფეთქებების შედეგად განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და გაზსადენის სისტემა. ქალაქ ნიკოპოლში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. უწყვეტად იბომბება სუმის ოლქი. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 30-ზე მეტი ჭურვი ისროლეს რეგიონის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ ძლიერად დაარტყეს მტერს. გასული დღის განმავლობაში მათ ოკუპანტების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე 15 დარტყმა განახორციელეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დროებით ოკუპირებულ გორლივკაში მდებარე ერთ-ერთი სამოქალაქო საავადმყოფო გადაკეთდა სამხედრო ჰოსპიტალად, სადაც გასული კვირის განმავლობაში გადაიყვანეს საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების 720-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ამ ომში გადამწყვეტი მომზადებული ქვეითები და ცოცხალი ძალა იქნება” - ვის აქვს უპირატესობა დასახლებულ პუნქტებში ბრძოლისას.

“იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს აგრესიაზე, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი. უკრაინა ამისთვის ყველაფერს აკეთებს”, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც. მისი თქმით, წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს. “იმისათვის, რომ რუსეთს აგრესიისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასეთი ტრიბუნალი შეიქმნას. უკვე ვთანამშრომლობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ეს პროცესი გაფართოვდება. რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზე. რუსეთის უკიდურესად დიდი დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები კვლავ ცდილობენ წინსვლას დონეცკის, ლუჰანსკისა და ხარკოვის ოლქებში, მათ გარკვეული გეგმა აქვთ სამხრეთში. ვინარჩუნებთ თავდაცვას და რაც მთავარია, მტერს არ ვაძლევთ ნებას, შეასრულოს თავისი განზრახვა. მათ თქვეს, რომ დონეცკის ოლქს გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე დაიკავებდნენ... ზამთარი უკვე ამ კვირაში იწყება. ისინი ყოველდღე ასობით მობილიზებულ და დაქირავებულ ჯარისკაცს კარგავენ. წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს”, - აცხადებს ზელენსკი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ომის მეორე ზამთრის სეზონი ძალიან რთული იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

„რუსეთი კვლავ დაბომბავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას; მათი მიზანია უკრაინის გაყინვა და უკრაინელი ხალხის მორიგი გენოციდის ჩადენა”, - აღნიშნა შმიგალმა. მისი თქმით, ამჟამად ელექტოენერგია ქვეყნის ყველა რეგიონს მიეწოდება, ხერსონის გარდა. მისი თქმით, სიტუაცია საჭიროებს ძლიერ საჰაერო თავდაცვას და დაზიანებული ელექტროტექნიკის სწრაფ შეკეთებას. “საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, პირველ რიგში, თანამედროვე დასავლური სისტემების მიწოდების წყალობით”, - განაცხადა მან. შმიგალის განმარტებით, პრიორიტეტი იყო დამატებითი ელექტროტექნიკის მოპოვებაც. “მხოლოდ ლიეტუვამ 114 ტრანსფორმატორი მოგვცა. სხვა ქვეყნები გამოყოფენ თანხებს და აღჭურვილობას, რათა უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარონ. მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს არა მხოლოდ ევროპა, არამედ აშშ, კანადა და იაპონიაც”, - აღნიშნა შმიგალმა”, - განაგრძობს გამოცემა.

“პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე მიიჩნევს, რომ ზამთარი ნეგატიურად უფრო რუსებზე იმოქმედებს, რადგან მათ ზამთრის გასატარებელი პირობები, საჭირო ზღუდეები არა აქვთ მოწყობილი. ბერიძე “რეზონანსთან”“ ამბობს, რომ უკრაინასაც მსგავს კლიმატში ბრძოლა და გამძლეობა არ უჭირს, ამიტომ რუსები ამ შემთხვევაში უპირატესობაში ვერ იქნებიან. მისივე თქმით, უკრაინას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ საბრძოლო მასალის და სხვა ხარჯების დასავლეთის დახმარებით მალევე აინაზღაუროს. რუსეთს კი ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. “ამ ომში გადამწყვეტი მომზადებული ქვეითები და ცოცხალი ძალა იქნება. ეს კი რუსეთს არა აქვს და ცივ ზამთარში ვინც ჰყავს, მათი დემორალიზება გარდაუვალია. არტილერია ამ ომში, რა თქმა უნდა, ბევრ საქმეს აკეთებს, მაგრამ აქ ბევრი კონტაქტური ბრძოლები მიდის. ეშმაკი ამ ტაქტიკურ დეტალებშია დამალული. ურბანული ბრძოლა, რასაც ჩვენ ვეძახით, სადაც პირისპირ ბრძოლები მიდის, ამ ომში არ არის”, - თვლის ბერიძე, რომლის აზრით, “ეს არ არის მეორე მსოფლიო ომი, სადაც ვიღაცას ბლიცკრიკის ან რაღაცის ჩატარება შეუძლია”, - დასძენს გამოცემა.

“ასეთი რამ ამ ომში ვერ მოხდება. ძირითადი ბრძოლები დასახლებულ ბუნქტებში ან სხვა სახის შეზღუდულ ადგილებშია - უკრაინელებმა პირველივე დღეებში სწორი ტაქტიკა აირჩიეს, როცა თავდაცვა დასახლებულ პუნქტებში მოაწყეს. რუსებმა აქ შესვლა ვერ შეძლეს, რადგანაც ბევრი რესურსია ასეთი ბრძოლებისთვის საჭირო და მსხვერპლიც ბევრი ეყოლებათ და მეორე არის ის, რომ რუსების შეიარაღებული ძალები დასახლებულ პუნქტებში საბრძოლველად მომზადებულები არ არიან. ამას ძალიან სპეციფიური მომზადება სჭირდება. რუსებს ისევ საბჭოური ტაქტიკით ეშელონად უტევენ და ასევე თავს ეშელონად იცავენ - ესაა ჯავშანტექნიკაზე დამჯდარი პირადი შემადგენლობა, რომელიც მასთან ერთად იბრძვის. უკრაინელები კი ჯავშანტექნიკას ძირითადად საცეცხლე მხარდაჭერისთვის იყენებენ. უკრაინული ქვედანაყოფები მომზადებეულია მანევრულ-ტაქტიკური ბრძოლისთვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სწორედ დასახლებულ პუნქტებში იბრძოლონ. უკრაინელები უფრო პროგრესულ ბრძოლის ტაქტიკურ მეთოდებს ფლობენ. ამიტომ ზამთარში უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა და მოქნილობა უფრო უკეთესი ექნება“,-დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით მელია და ხაბეიშვილი აქციების მოწყობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან

“ორ ბანაკად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ბრძოლის დაწყებას უკავშირდება. ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს “ქართული ოცნების” ოფისთან აქციის გამართვა დაანონსა, მაგრამ პარტიის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა, მოტივით, რომ სასამართლომ სააკაშვილისთვის პატიმრობის გადავადების საკითხი უნდა განიხილოს და აქციის გამართვა მიზანშეწონილი არ არისო. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება და სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. მელიას საბრძოლო გეგმაა: სასამართლოში შუამდგომლობის დროულად შეტანა და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურანალოდ გადაყვანის პროცესში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით მელია და ხაბეიშვილი აქციების მოწყობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

“მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ჩვენი მეგობრების ნაწილი განცალკევებულად ცდილობს ნაბიჯების გადაგმას, რაც არ ემსახურება საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შედეგს. იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე გამოიტანს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ მითქვამს, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რადგან უკანონობასა და უსამართლობას არა და ვერ შევეგუები. მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება”, - აცხადებს ნიკა მელია. “ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ ის, რაც “ნაცმოძრაობის” შიგნით ხდება, არის არსებული ჯგუფების შეჯიბრი, ვინ უფრო მეტად შეძლებს სააკაშვილის ჯანმართელობის მდგომარეობით პოლიტიკურ სპეკულაციას. პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა, და არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქვს თუ არა “ნამოძრაობას” იმის რესურსი, რომ დაიწყოს გადამწყვეტი ბრძოლა სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პარტიის დაპირისპირებული გუნდები ცდილობენ სააკაშვილის მდგომარეობის გამოყენებით მისი ელექტორატის გულის მოგებას. “ნაცმოძრაობას” არ აქვს იმისი რესურსი ულიმატუმებით ესაუბროს ხელისუფლებას. ასეთმა მუქარებმა არა მგონია, რაიმე გადაწყვეტილება მიაღებინოს ხელისუფლებას. “მელია და ხაბეიშვილისთვის ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, ისინი იბრძვიან პარტიის თავმჯდომარეობისთვის; სააკაშვილის მდგომარეობის გამოყენებით მისი ელექტორატის გულის მოგებას. ხაბეიშვილის აქციაც ამიტომ იმართება და მელიას განაცხადებებიც ამას ემსახურება”, - განაცხადა “რეზონანსთან” ვახტანგ ძაბირაძემ. ექსპერტი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ არც მელიას და არც სხვას არა აქვს იმის რესურსი, რომ სააკაშვილის საზღვარგერთ გაყვანის მოთხოვნით მასშტაბური აქცია მოაწყოს”, - დასძენს გამოცემა.

“ფიზიკურად ასეთი რესურსი არ არსებობს, სააკაშვილის უცხოეთში გაყვანის მოთხოვნით გამართოს მასშტაბური აქცია, მელია იქნება თუ ხაბეიშვილი. ერთი წლის მანძილზე, რაც მიშა ციხეშია, ეს უკვე დასაბუთებულია. სექტემბერში იძახდნენ, რომ მეორედ მოსვლა იქნებოდა, მაგრამ თვითონაც კარგად იციან, რომ ეს ვერ გამოვა. რამდენიმე ასეული ადამიანის შეკრება შეიძლება შეძლონ “ქართული ოცნების” ოფისთან, ან პარლამენტთან, მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლამ და დაპატიმრებამ, არც თბილისში და არც რეგიონებში მასშტაბური საპროტესტო სახე არ მიიღო იმ ღამესვე; ეს იყო წერტილი და პერფორმანსების პროფესიონალმა “ნაციონალებმა” მაშინვე დაინახეს, რომ ეს იყო განაჩენი მიშასთვის და მათთვისაც. იძულებული არიან ხმაურიანი განცხადებები გაკეთონ და ერთმანეთს არ ჩამორჩნენ, რადგან სურთ სააკაშვილის ელექტორატის გადმობირება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.