აზერბაიჯანელი დეპუტატი - აზერბაიჯანს ОДКБ-ში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე სომხეთს - აზერბაიჯანის საწინააღმდეგო დოკუმენტს არ მიიღებენ

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატის, რასიმ მუსაბაიოვის განცხადებით, ერევანში, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების და უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრა მიმდინარეობს, აზერბაიჯანის საწინააღმდეგო დოკუმენტს არ მიიღებენ.
როგორც აზერბაიჯანელმა დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, აზერბაიჯანს ОДКБ-ში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე სომხეთს.
„ამ სამიტის შემდეგ დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება. დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანის საწინააღმდეგოა, მიღებული არ იქნება. აზერბაიჯანს ОДКБ-ში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე სომხეთს. იქ არის ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებას. ზოგადი ხასიათის დოკუმენტი იქნება მიღებული მეგობრობის, მშვიდობის შესახებ“,- განაცხადა მუსაბაიოვმა.
კითხვაზე, რუსეთმა რატომ ვერ მოახერხა აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში ჩარევა, დეპუტატი პასუხობს, რომ რუსეთი ეხმარებოდა სომხეთს, უბრალოდ უშუალოდ არ ჩაერთო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში.
მისი განმარტებით, რუსეთი დაინტერესებულია კონფლიქტის გაჭიანურებით, რადგან კონფლიქტის შენარჩუნება რუსეთს საშუალებას აძლევს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მხარეების მანიპულაცია მოახერხოს.
„სომხეთის პარლამენტის დეპუტატის, წარსულში ვიცე-პრემიერის სიტყვებით, რუსეთის მიერ 1 მილიარდის ღირებულების იარაღი იყო გაგზავნილი სომხეთის მხარისთვის. საქართველოს გავლით მათ ფრენა არ შეეძლოთ, ამიტომ ირანის გავლით ჩაიტანეს სომხეთში. ასე რომ, დახმარება იყო, უბრალოდ რუსეთი უშუალოდ არ ჩაერთო ამ ომში სომხეთის მხარეს. თურქეთმა გააფრთხილა რუსეთი, თუკი ასეთი მცდელობა იქნებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თითო რუს ჯარისკაცს წინ დახვდებოდა 2 თურქი ჯარისკაცი. რუსეთში იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ იყო. რუსეთი დაინტერესებული იყო რომ ეს კონფლიქტი სამუდამოდ ყოფილიყო ან სრულად არ გადაჭრილიყო, რადგან ამ კონფლიქტის შენარჩუნება რუსეთს საშუალებას აძლევს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მხარეების მანიპულაცია მოახერხოს. ვაშინგტონი და ბრიუსელი დაინტერესებულები არიან აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი, რომელიც ამ კონფლიქტში წერტილს დასვამდა“, - განაცხადა მან.

























