კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენმდივანი - ნატო-სა და სხვა სახელმწიფოების კიევისთვის მხარდაჭერა კონფლიქტის უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლის და სხვა ქვეყნების მასში ჩართვის რისკებს ზრდის

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამის შესახებ მან ერევანში, ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.
“ნატო-სა და სხვა სახელმწიფოების მიერ კიევისთვის გაწეული მასშტაბური მხარდაჭერა კონფლიქტის უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლისა და სხვა ქვეყნების მასში ჩართვის რისკებს კრიტიკულად ზრდის. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ნატო-ს წევრი ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ სამხედრო ძალებს, აუმჯობესებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უახლოვდებიან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საზღვრებს. რა თქმა უნდა, ეს ქმნის დამატებით გამოწვევებს ჩვენი ორგანიზაციისთვის“, - განაცხადა მან.

























