პარიზში, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის ორგანიზებით, წმ. გრიგოლ ფერაძის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

ქალაქ პარიზში 19-დან 20 ნოემბრის ჩათვლით ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის ორგანიზებით წმ. გრიგოლ ფერაძის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ღონისძიების პირველ დღეს მონაკოს სასახლეში, სადაც საფრანგეთში პოლონეთის საელჩო მდებარეობს, გაიმართა წმ. გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის ლაურეატების დაჯილდოება, რომლებიც მიმდინარე წლის აგვისტოში ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ გამოავლინა.
აღნიშნული პრემიის ლაურეატებს შორის არიან: იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინც ფენრიხი, ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინცგერდ ბრაკმანი, აღმოსავლეთის ლიტურგიკული ტექსტების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლისისთვის.
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ სამეცნიერო საბჭოს ინიციატივით დაწესდა. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. პრემია უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს წარმოადგენს (X ს.), მარგალიტის თვლებით და მინანქრით მოხატული, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილი, სადაც წმინდა გრიგოლის ხატია გამოსახული.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გახსნა საფრანგეთში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩა, მისმა აღმატებულობა ემერიკ როშჩიჟევსკიმ, რომელიც მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა წმ. გრიგოლ ფერაძის ღვაწლსა და საქმიანობაზე საქართველო-პოლონეთ-საფრანგეთის ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების კონტექსტში და მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმნენ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება გოჩა ჯავახიშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი, ბატონი ოთარ ზურაბიშვილი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის პროფესორი და ჟურნალ „პრო გეორგია“-ს რედაქტორი, ბატონი დავით ყოლბაია, ვარშავის სასულიერო სემინარიის პროფესორი, მამა ჰენრიხ პაპროცკი, საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიის წევრი, პროფესორი ბერნარ უტიე“, - აღნიშნულია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა წმ. გრიგოლ ფერაძის დაჯილდოების ცერემონია, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს ლაურეატების პროფესორ ჰაინც ფენრიხის, პროფესორ ჰაინცგერდ ბრაკმანის და პროფესორ გიორგი სოსიაშვილის სამეცნიერო მიღწევების შესახებ და მკაფიოდ აღნიშნეს მათი განსაკუთრებული წვლილი ქართველოლოგიური მეცნიერებების შესწავლასა და განვითარებაში.
„საკუთარ სამადლობელ სიტყვაში ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მიესალმა წმ. გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი, გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა საფრანგეთის რესპუბლიკაში პოლონეთისა და საქართველოს ელჩებს, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის პროფესორ, ბატონ დავით ყოლბაიას ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზებისთვის. პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა აღნიშნა, რომ გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემია მისთვის წარმოადგენს არამხოლოდ ჯილდოს და მიღწევას, არამედ გამოწვევასა და პასუხისმგებლობას, რომ მომავალში უფრო მეტი გააკეთოს ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარებისთვის.
ღონისძიებას, ქალბატონ ნანა ფერაძის ხელმძღვანელობით მუსიკალურად აფორმებდა ქართული პოლიფონიური ჯგუფი „ქართული ჰარმონია“, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართულ ენაზე შესრულებული რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესთავაზა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ წმ. გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფოტო-გამოფენას დასწრებოდნენ.
კონფერენციის მეორე დღეს, პარიზის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში გაიმართა წმ. გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი, სადაც მამა არჩილ დავრიშაშვილმა და მამა ჰენრი პაპროცკიმ ქართულ, ფრანგულ და პოლონურ ენებზე აღავლინეს საღვთო ლიტურგია“, - აღნიშნულია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
























