ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ „ძლიერ აფეთქებებზე“ პასუხისმგებელი პირები „ცეცხლს ეთამაშებიან"

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ „ძლიერ აფეთქებებზე“ პასუხისმგებელი პირები „ცეცხლს ეთამაშებიან"

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაგმო რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმა.

სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ბირთვული ობიექტის ზონაში შაბათს ღამით და კვირას დილით განხორციელებულ „ძლიერ აფეთქებებზე“ პასუხისმგებელი პირები „ცეცხლს ეთამაშებიან".

მედიის ცნობით, ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობამ IAEA-ს ექსპერტებს განუცხადა, რომ ობიექტზე დაზიანდა ზოგიერთი შენობა, სისტემა და აღჭურვილობა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ არის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე.

„გუშინ და დღეს დილით, ჩვენი გუნდისგან მიღებული ახალი ამბები უკიდურესად შემაშფოთებელია. ამ უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა, რაც სრულიად მიუღებელია. ვინც ამის უკან დგას, ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. როგორც უკვე მრავალჯერ მითქვამს, ცეცხლს ეთამაშებით!“ - აღნიშნა გროსიმ.

რუსეთი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.