გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების დაწყებამდე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დოხტურიშვილმა და აშოტ სმბატიანმა რეგიონისა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ამასთან, ორი ქვეყნის ტრადიციულად კეთილმეზობლური კავშირები დადებითად შეაფასეს.

„1992 წლის 17 ივლისიდან საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები დაფუძნებულია კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე. ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, აშოტ სმბატიანმა.

სიტყვით მიმართვის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა დამსწრე საზოგადოებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე მიულოცეს და ასევე, ქართულ-სომხური თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობას ხაზი გაუსვეს. ღონისძიებას, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ალენ სიმონიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოსა და სომხეთის სამღვდელოება ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.