ლოიდ ოსტინმა ჩამოთვალა ის სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილე ქვეყნები უკრაინას გადასცემენ

ეს იყო კიდევ ერთი ძალიან წარმატებული სხდომა, - ასე შეაფასა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა.
მან ასევე ჩამოთვალა სამხედრო დახმარება, რომელსაც მონაწილე ქვეყნები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემენ.
კერძოდ, ოსტინის თქმით, შვედეთმა საჰაერო თავდაცვის სფეროში 287 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ესპანეთმა პირობა დადო, რომ უკრაინას ორ დამატებით Hawk სისტემას და მათთვის რაკეტებს გადასცემს. კანადა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის ინიციატივით გამოვიდა და დაადასტურა, რომ რჩება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ზამთრის ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მთავარ დონორად.
ამას გარდა, ოსტინმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის არტილერიის შესაძლებლობების გაძლიერებაში და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის რაკეტების მიწოდებაში წვლილს ზრდის. მისი თქმით, საბერძნეთმა 155 მმ ჭურვების პარტიების გადაცემა დააანონსა, ხოლო პოლონეთმა განაცხადა, რომ უკრაინას არტილერიისთვის, ტანკებისთვისა და ახლო რადიუსის მოქმედების მქონე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალას გადასცემს.
თავდაცვის მდივანმა აღნიშნა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წვლილი უკრაინის სამხედრო პერსონალის მომზადებაში.
„ეს წვლილი დიდ ცვლილებებამდე მიგვიყვანს”, - განაცხადა ოსტინმა. ამასთან დაკავშირებით მან უკრაინის შეიარაღებული ძალების საკონტრიერიშო ოპერაციების წარმატებებიც აღნიშნა ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებებით.

























