ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვა დახმარების მიწოდების საჭიროებაზე ისაუბრა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის საჭიროებაზე განაცხადა. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის შესახებ სტოლტენბერგმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე აღნიშნა.
როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, უკრაინის ქალაქებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ხალხზე გუშინდელი რუსული სარაკეტო დარტყმები რუსეთის უკანონო ომის ნათელი შეხსენებაა.
“მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ესკალაციის თავიდან აცილება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვა დახმარების მიწოდების საჭიროება, მათ შორის ზამთრის ტანსაცმლის, საწვავისა და სამედიცინო აღჭურვილობის. იგი მიესალმება, რომ ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინისთვის უფრო მეტი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას”, - ნათქვამია ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

























