ევროპარლამენტმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ქვეყნის მიერ შენგენის ზონაში შესასვლელი პირობების შესრულების შესახებ ანგარიშს 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 53 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 25-მა თავი შეიკავა.

“შენგენის ზონაში შესასვლელად ხორვატიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე სრული შეფასება გაიარა. მან შენგენის კანონმდებლობის 8 განყოფილებაში 281 რეკომენდაცია დააკმაყოფილა. ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ დაადასტურეს ქვეყნის მზაობა ბოლომდე დააკმაყოფილოს შენგენის წესები. ევროპარლამენტი სრულიად ეთანხმება: შიდა სასაზღვრო კონტროლის გაუქმება ამა წლის ბოლომდე უნდა მოხდეს!”, - თქვა მომხსენებელმა ევროპარლამენტარმა პაულო რანგელმა.

ცნობისთვის, 2021 წლის 9 დეკემბერს ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ დაადასტურა, რომ ხორვატიამ შეასრულა შენგენის ზონაში შესასვლელი ყველა მოთხოვნა. ახლა ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭომ გააგრძელონ პროცესი და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შესახებ.