აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანი მშვიდობის დღის წესრიგის ერთგულია, სამწუხაროდ, სომხეთი ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს არ დგამს

აზერბაიჯანი მშვიდობის დღის წესრიგის ერთგულია. ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელია და აზერბაიჯანი მზად არის ამისათვის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთი არ პასუხობს ურთიერთობების ნორმალიზებას და ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს არ დგამს.
„სამწუხაროდ, პროცესი შეფერხებულია. სომხური მხარე ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საპასუხო ქმედებებს არ ახორციელებს, ჩვენ ვერ ვხედავთ სერიოზულ ქმედით ნაბიჯებს. სამმხრივი დეკლარაციის პირობების საპირისპიროდ, სომხური ფორმირებები ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გაყვანილი ტერიტორიებიდან, ნაღმებთან დაკავშირებული საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და ამასთან დაკავშირებით სომხეთს არ წარმოუდგენია დანაღმული ტერიტორიების ზუსტი რუკები. ამ ზაფხულს გაირკვა, რომ სომხეთმა ლაჩინის გარშემო ტერიტორიები დანაღმა. ეს იმის დასტურია, რომ სომხეთი აგრძელებს პროვოკაციას“, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

























