თეთრი სახლის მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ უზრუნველყოფს უკრაინისადმი ფინანსურ და სამხედრო დახმარებას არჩევნების შედეგების მიუხედავად

თეთრი სახლის მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ უზრუნველყოფს უკრაინისადმი ფინანსურ და სამხედრო დახმარებას არჩევნების შედეგების მიუხედავად

აშშ უზრუნველყოფს უკრაინისადმი ფინანსურ და სამხედრო დახმარებას არჩევნების შედეგების მიუხედავად. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სალივანმა აღნიშნა, რომ იგი არა “სავარაუდო”, არამედ გარანტირებულ დახმარებაზე საუბრობს.

“დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარება ურყევი და უდავო იქნება. და მე არ ვამბობ, რომ ეს “შესაძლოა” - ეს იქნება. ამის მჯერა და პრეზიდენტ ბაიდენსაც ამის სჯერა.

სალივანის თქმით, ასეთ პოზიციას კონგრესმენებიც იზიარებენ, კერძოდ კი, ორი სენატორი, რომელიც კიევს ამ კვირაში ეწვივნენ - დემოკრატი კრის კუნსი და რესპუბლიკელი რობ პორტმანი.

“ჩემს სიტყვებს არ დაეყრდნოთ: კიევში გუშინ სენატის ორპარტიული დელეგაცია იყო: კუნსი და პორტმანი, დემოკრატი და რესპუბლიკელი, რომლებმაც მედიის წინაშე დაადასტურეს, რომ, მათი აზრით, დახმარება მომავალშიც შენარჩუნდება. აშშ გააგრძელებს რესურსების მიწოდებას, რომლებიც აუცილებელია უკრაინის ხალხის დასახმარებლად”, - თქვა სალივანმა.

სალივანმა აღნიშნა, რომ საუბარი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ფინანსურ დახმარებასაც ეხება.

“არ დავიწყებ შიდა პოლიტიკაზე საუბარს და [პროგნოზირებას] სამშაბათს რა მოხდება, მაგრამ ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში პრეზიდენტი მზადაა, ორივე პარტიასთან ითანამშრომლოს, რასაც თავიდანვე აკეთებდა, რათა უკრაინას არა მხოლოდ დაჰპირდეს დახმარებას, არამედ მიაწოდოს კიდევაც”, - აღნიშნა სალივანმა.