დავით გაბაიძე - სიმბოლურია, რომ საქართველო-ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საიუბილეო ღონისძიება დაემთხვა ქართული დიპლომატიის დღეს

საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, საქართველო-ავსტრიის ურთიერთობები ათეულ წლებსა და მრავალ სფეროს მოიცავს.
„სიმბოლურია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საიუბილეო კონცერტი ქართული დიპლომატიის დღეს დაემთხვა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღინიშნება. სწორედ ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქართველი საზოგადო მოღვაწე და დიპლომატი, რომელიც ევროპასთან პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებას ცდილობდა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისათვის ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებული საქმე წარმატებით აღსრულდება", - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მისასალმებელ სიტყვაში.
მათივე ინფორმაციით, საზეიმო კონცერტის დაწყებამდე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თომას მიულმანმა ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის საქმიან ურთიერთობებსა და მათი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საიუბილეო კონცერტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ავსტრიის საელჩოს ინიციატივით გაიმართა. მასში ქართველი და ავსტრიელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ნაჩვენები იყო საქართველო-ავსტრიის ურთიერთობის, ასევე ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა ამსახველი ვიდეორგოლები.
























