უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი - გაერო-მ დაადასტურა, რომ 3 ნოემბერს გემები „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით იმოძრავებენ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, „მარცვლეულის დერეფნის“ საშუალებით, 3 ნოემბერს გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა.
„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გრძელდება. ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 8 გემის „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით გადაადგილება იგეგმება. ჩვენ მივიღეთ დასტური გაერო-სგან. ასევე, ხვალ ინსპექტირება ბოსფორშიც ჩატარდება“, - დაწერა მინისტრმა „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობას აჩერებს და ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული თავდასხმის გამო მიიღეს. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ გაერო არ თვლის, რომ რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერება მისი ძალის დაკარგვას ნიშნავს. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა გუშინ აღნიშნა, რომ ანკარა გააგრძელებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელებას ისე, როგორც ამას აკეთებდა სანამ რუსეთი მასში მონაწილეობის შეჩერების შესახებ გამოაცხადებდა.

























