ისრაელში ბოლო ოთხ წელიწადში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში ბოლო ოთხ წელიწადში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში ბოლო ოთხ წელიწადში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. Reuters-ი წერს, რომ არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ უდიდესი პარტია აღმოჩნდეს.

ამასთან, გასულ კვირას გამოქვეყნებულმა გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარტია 120-ადგილიანი ქნესეთში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებს. გამოკითხვების თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების მოპოვებას ვერ შეძლებს ვერც მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი.

მედია წერს, რომ თუ გამოკითხვები გამართლდა, ისრაელის პოლიტიკური ჩიხის ეპოქა გაგრძელდება და გაზაფხულზე, შესაძლოა, მეექვსე არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო.

შეგახსენებთ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრემიერის თანამდებობა 2021 წელს დატოვა, როდესაც იაირ ლაპიდმა სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბა. სამთავრობო კოალიცია მიმდინარე წლის ივნისში დაიშალა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.