ხარკოვის გუბერნატორი - უკრაინელები ხარკოვში 24 დასახლების გასათავისუფლებლად იბრძვიან

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში 24 დასახლების გასათავისუფლებლად იბრძვიან, მტერი აქტიურ წინააღმდეგობას უწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენი შეიარაღებული ძალები აქტიურად იბრძვიან ჩვენი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. საშუალოდ 24 დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ ოკუპაციის ქვეშ რჩება. რატომ ვამბობ "საშუალოდ", რადგან ფრონტზე ვითარება ნამდვილად იცვლება. თუმცა, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, სრულად გათავისუფლდეს ოლქი“, - განაცხადა სინეგუბოვმა.
მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ და უკან დახევას არ აპირებენ. სინეგუბოვის ინფორმაციით, ფრონტის ხაზი შეიცვალა, ამიტომ პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ მოწინააღმდეგეც აძლიერებს საკუთარ პოზიციებს.
"შენდება საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობები. შეგახსენებთ, ჩვენ გვაქვს 315 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან. რუსები ასევე ამაგრებენ თავიანთ პოზიციებს", - აღნიშნა სინეგუბოვმა.

























