ირანში უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგე სტუდენტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ირანში სტუდენტების საპროტესტო აქციების დასაშლელად უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ცეცხლსასროლი იარაღებიდან გაისროლეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სოციალურ მედიაში სტუდენტებს, სპეცრაზმსა და ბასიჯის ძალებს შორის დაპირისპირების კადრები ვრცელდება.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ბასიჯის ძალების წევრი ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის სტუდენტების მიმართულებით, რომლებიც საპროტესტო აქციას თეირანის აზადის უნივერსიტეტის ფილიალში მართავდნენ. სროლის ხმა ასევე ისმის ვიდეოში, რომელიც გაავრცელა უფლებადამცველმა ჯგუფმა, HENGAW-მა, სანანდაჯში, ქურთისტანის უნივერსიტეტში გამართული საპროტესტო აქციებიდან.
სხვა ქალაქების უნივერსიტეტებიდან გავრცელებულ ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ ბასიჯის ძალები ცეცხლს უხსნიან სტუდენტებს.
უსაფრთხოების ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობდნენ სტუდენტების ბლოკირებას უნივერსიტეტის შენობებში. მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მომიტინგეებს. სტუდენტების ნაწილი სკანდირებდა : „სიკვდილი ხამენეის“.
შეგახსენებთ, 16 სექტემბერს ირანის მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მოქალაქეებმა ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

























