ბათუმის უნივერსიტეტის იურისტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას გამოეხმაურა

ბათუმის უნივერსიტეტის იურისტი გიორგი დიასამიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის მისაღები არ არის, რადგან სასწავლო დაწესებულება კანონის ფარგლებში მოქმედებს.
მისი თქმით, უნივერსიტეტის ახალ კორპუსთან დაკავშირებით, შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებულია და იგი ვალდებულია პრობლემა გამოასწოროს.
“კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება იყო დადებული საგარანტიო ვადებია ჩადებული და ამის ფარგლებში, უნივერსიტეტი კომპანიას მიმართავს, ის ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს. თუ არ შესრულდება, კომპანიის მიმართ სასამართლო დავა მოხდება. გვაქვს მსგავსი პრეცედენტი, რომელთა მიმართაც სასამართლო დავა მიმდინარეობს. ამ შემთხვევაშიც კომპანიის მიერ სამუშაო შესრულებული თუ არ იქნება, საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს. კანცელარიის საშუალებით კომპანიასთან მიმოწერა უკვე იყო”,- განაცხადა ბსუ-ს იურისტმა, გიორგი დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან გორგილაძემ განაცხადა, რომ ბათუმის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი საფრთხის შემცველია. მისი თქმით, ახალი შენობისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა და სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.
























