ქუთაისის მერი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს შეხვდნენ

ქუთაისის მერი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს შეხვდნენ

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს პეტერ ფიშერს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნული ვიზიტი იმერეთის მხარის გაცნობის მიზნით გამართა. იოსებ ხახალეიშვილმა პეტერ ფიშერს ქუთაისში მიმდინარე ის პროექტები გააცნო, რომლებიც საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება, მათ შორის „ეკო სმარტ-ქალაქის" პროექტი. შეხვედრაზე იმ გერმანულ ფონდებზე ისაუბრეს, რომელთანაც ქუთაისი აქტიურად თანამშრომლობს.

მხარის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომელიც დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს მოიცავს. გარდა ამისა, მან ისაუბრა გერმანიის მთავრობის დახმარების სააგენტო ჯიაიზეტთან (GIZ) აქტიურ თანამშრომლობაზე.

„დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს პეტერ ფიშერს შევხვდით. გერმანელ დიპლომატს ქუთაისში მიმდინარე ის პროექტები გავაცანი, რომლებიც საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება, მათ შორის „ეკო სმარტ-ქალაქის" პროექტი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გერმანულ ფონდებზე, რომელთანაც ქუთაისი აქტიურად თანამშრომლობს და რომელთა მხარდაჭერითაც უკვე ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ჩვენს ქალაქში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამასთან, ზვიად შალამბერიძემ რეგიონში სტუმრობისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს პეტერ ფიშერს მადლობა გადაუხადა.

,,გერმანიის მთავრობის დახმარებით რეგიონში არაერთი პროექტი განხორციელდა და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო იქნება ჩვენი თანამშრომლობა. ოფიციალურად იმერეთის რეგიონი და მასში შემავალი მუნიციპალიტეტები არ არიან დამეგობრებული გერმანიის ქალაქებთან და კარგი იქნება თუ ჩვენ, შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

ჩვენთვის, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველომ შეასრულოს ყველა ვალდებულება, რაც უკვე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეასრულეს. ჩვენ ვისწრაფით ევროკავშირისკენ და ამ გზაზე გვაქვს გერმანიის გვერდით დგომის იმედი", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის ელჩმა, ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.