ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა საქართველოს კამპუსის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსში პირველი სტუდენტების მიღების ღონისძიებაზე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა მათ სწავლის დაწყება მიულოცა.
შუსტერის თქმით, „ვებსტერი“ მზად არის, ქართველ ახალგაზრდებს საუკეთესო ამერიკული განათლების მიღებაში დაეხმაროს.
„ძალიან სასიამოვნოა თბილისში ყოფნა და მინდა, „ვებსტერის უნივერსიტეტის“ პირველი თაობის სტუდენტებს მივესალმო, რომლებიც აქ იწყებენ საგანმანათლებლო გზას. ეს არის პირველი ამერიკული უმაღლესი სასწავლებელი რომელიც შემოვიდა საქართველოში და კავკასიაში. ვამაყობთ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით ამ ძალიან წარმატებული საქმის წამოწყებაში. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავრჩეთ; აქ ვართ, რათა დავეხმაროთ ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ საუკეთესო განათლება, რისი შეთავაზებაც აშშ-ში შეგვიძლია. ამ განათლებას კი ახლა აქ, საქართველოშიც გთავაზობთ“, - განაცხადა „ვებსტერის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა.
„ვებსტერის უნივერსიტეტმა“ საქართველოში, სტუდენტების პირველი ნაკადი წელს მიიღო. მიღების ღონისძიებისთვის, ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს, „ვებსტერის უნივერსიტეტის“ დელეგაცია ეწვია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ნუნუ მიცკევიჩი, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები.
„ვებსტერის უნივერსიტეტის“ ოფიციალური წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მოულოცეს.
„ვებსტერის უნივერსიტეტი“ 1915 წელს დაარსდა და მსოფლიოს 50 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. უნივერსიტეტი აკრედიტებულია უმაღლესი რანგის მქონე კომისიების მიერ, მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტის მისაღებად და ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით.
ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით და ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ „ვებსტერის“ საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით.
სწავლის დასასრულს, სტუდენტს გადაეცემა „ვებსტერის უნივერსიტეტის“ ამერიკული დიპლომი.
(R)

























