ოლექსი რეზნიკოვი - "ბინძური ბომბის" იდეა ჩვენთვის ამაზრზენია

ოლექსი რეზნიკოვი - "ბინძური ბომბის" იდეა ჩვენთვის ამაზრზენია

"ბინძური ბომბის" იდეა ჩვენთვის ამაზრზენია, მოვითხოვთ ბუდაპეშტის მემორანდუმის მე-4 პუნქტის დაცვას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერში“ წერს.

„ყოველდღე, უკრაინის არმია ათავისუფლებს ჩვენს მიწას რუსული სიბინძურისგან. "ბინძური ბომბის" იდეა ჩვენთვის ამაზრზენია. ვიწვევთ გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადამკვირვებლო მისიებს, უკრაინაში ჩამოვიდნენ. მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსეთის ბირთვულ შანტაჟს. ჩვენ მოვითხოვთ ბუდაპეშტის მემორანდუმის მე-4 პუნქტის დაცვას“, - აცხადებს რეზნიკოვი.

ბუდაპეშტის მემორანდუმის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ ხელმომწერები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, მოითხოვონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივი ქმედება უკრაინის, როგორც „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების“ ბირთვული იარაღის არმქონე მონაწილე სახელმწიფოს, დასახმარებლად.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ომში „ბინძური ბომბით“ პროვოკაციას გეგმავს. მანამდე რუსულმა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა სავარაუდოდ ამზადებს პროვოკაციას „ბინძური ბომბის“ (დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის) აფეთქებით, შემდეგ კი აპირებს ამაში რუსეთის დადანაშაულებას. რუსული მედიის განმარტებით, „ბინძური ბომბი“ რადიოლოგიური იარაღის უმარტივესი ვერსიაა და ასეთი ბომბის აფეთქების შედეგად, მთავარი ზიანი არა აფეთქებას, არამედ რადიოაქტიური მასალის გაფრქვევას მოაქვს.