უკრაინის გენშტაბი - ხერსონში, დანაკარგების შესავსებად, 2 000-მდე მობილიზებული რუსი ჩაიყვანეს

უკრაინის გენშტაბი - ხერსონში, დანაკარგების შესავსებად, 2 000-მდე მობილიზებული რუსი ჩაიყვანეს

ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დანაკარგების შესავსებად და ფრონტის ხაზზე ქვედანაყოფების გასაძლიერებლად, 2 000-მდე მობილიზებული რუსი ჩაიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებამ გასცა განკარგულება ე.წ. „საბანკო დაწესებულებების“ ევაკუაციისთვის მომზადების შესახებ და მოამზადა სიები ჩაყვანილი რუსი სამედიცინო მუშაკებისა და მასწავლებლების ევაკუაციისთვის.

ამასთან, ხერსონში მუშაობას წყვეტენ ჰუმანიტარული სფეროს ობიექტები.

„მტერი ცდილობს გაამაგროს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, მისი ძალისხმევა გარკვეული მიმართულებით თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზეა მიმართული. ამასთან, არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარების მცდელობებს ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას დასახლებაში, ასევე დონეცკის ოლქის ოპიტნოეს, ბახმუტისა და მარინკას დასახლებებში.