ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, ოკუპანტების მოთხოვნებს ყურადღება არ მიაქციონ

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, ოკუპანტების მოთხოვნებს ყურადღება არ მიაქციონ

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი მოსახლეობას მოუწოდებს, ე.წ. ევაკუაციის შესახებ რუსების მოწოდებებს ყურადღება არ მიაქციონ. ამის შესახებ იანუშევიჩი პირად “ტელეგრამ” არხზე წერს.

“გაულაიტერმა სალდომ ხერსონის ოლქიდან რუსეთის რეგიონებში ე.წ. ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა. ეს განცხადებები ჩვენი სამხედროების წარმატებების ფონზე ისმის, რომლებიც ხერსონის ოლქში დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ. ხერსონელებო, დაჟინებით გთხოვთ, - იგნორირება გაუკეთეთ ყველაფერს, რასაც ოკუპანტები გეუბნებიან, ან მოითხოვენ”, - წერს იანუშევიჩი.

მისი თქმით, მტერს ხერსონელების ტყვედ აყვანა და “ცოცხალ ფარად” გამოყენება სურს.

იანუშევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული არმია უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს არ ანადგურებს.

“ჩვენი შეიარაღებული ძალები მაღალი სიზუსტის შეიარაღებით მხოლოდ მტრის არმიას ურტყამს, მათ ტექნიკას, მართვის პუნქტებს, საწყობებსა და ლოგისტიკას. სამაგიეროდ, რუსები უმოწყალოდ ბომბავენ მშვიდობიან ობიექტებს, სადაც სამხედრო პერსონალი არ არის”, - წერს ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.