„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მალხაზ თავდგირიძე ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

ბათუმში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა მალხაზ თავდგირიძემ ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო ორგანომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე პირადი ტელეფონი ამოიღო.
მისივე თქმით, ხელვაჩაურის საკრებულოში მანდატის დასატოვებლად მასზე, პარტიის ლიდერების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.
„ჩემი ტელეფონი ამოიღეს, რომელშიც ის ინფორმაცია ინახებოდა, რაზეც გუშინ ვისაუბრე, იგი პირად მიმოწერას ეხება და უკანონოდ იქნა მოპოვებული/გასაჯაროებული.
მოთხოვნა იყო, რომ უნდა დამეტოვებინა ხელვაჩაურის საკრებულოს მანდატი და რაც შეეხება ვინ ითხოვდა ამას, გუშინ დაბარებული იყვნენ საგამოძიებო ორგანოში. ვიღაცის მიმართ კრიტიკული მოსაზრება მქონდა თუ მიმოწერა, - ეს იყო ის, რის გამოც დატოვებას მთხოვდნენ", - განაცხადა მალხაზ თავდგირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება. მისი თქმით, შანტაჟის გამო, სამართალდამცავებს უკვე მიმართა.
ამასთან, გუშინ საგამოძიებო სამსახურში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და მამუკა ჯევაიში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
























