უკრაინის შსს - ხარკოვის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ომის 1.6 ათასზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა

უკრაინის ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში რუსეთის მიერ ჩადენილი 1601 ომის დანაშაული დაარეგისტრირეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან, ეროვნული პოლიციის საგამოძიებო ნაწილებმა, საერთო ჯამში, ომის 1601 დანაშაული დაარეგისტრირეს, რომელთა უმეტესობაც, 1421, ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 154 კი - კოლაბორაციონისტულ საქმიანობას.
ამასთან, დეოკუპირებულ ტერიტორიაზე გრძელდება განაღმვითი სამუშაოები. კერძოდ, დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან, ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით 23 474 ფეთქებადსაშიში ნივთი ამოიღეს, 2 271 - გაანადგურეს.

























