მიკოლაივში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არის მსხვერპლი

მიკოლაივში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არის მსხვერპლი

მიკოლაივში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, - ამის შესახებ მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება.

მისივე ინფორმაციით, მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს. თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი სახლის ნანგრევებში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ძალები დღეს დილით თავს დაესხნენ ხარკოვსაც. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

„წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორია თავდასხმის ქვეშაა", - განაცხადა მერმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა დნიპროშიც, სადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა.

ასევე, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება იუწყება, რომ კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.